ვირთაგვას ერითროციტების მემბრანის ზედაპირული ცვლილებები ფსიქო–ემოციური სტრესის პირობებში
ავტორი: მატრონა ჩაჩუათანაავტორები: ნანა კოშორიძე, ქეთევან მენაბდე, ზურაბ ქუჩუკაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, ნატალია დაჩანიძე
საკვანძო სიტყვები: სტრესი, ერითროციტი
ანოტაცია:
ჭარბი ინფორმაციის ნაკადი ადამიანებში იწვევს სტრესს. ფსიქო–ემოციური დაძაბულობა არღვევს ჰომეოსტაზს და წარმოადგენს სერიოზულ რისკ–ფაქტორს სხვადასხვა დაავადებების განვითარებისათვის. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ან დაამძიმოს ისეთი დაავადებები – სიმსივნური, გულ–სისხლძარღვთა, ცერებროვასკულარული. სტრესული მდგომარეობები დაკავშირებულია ისეთ პათოლოგიებთან, როგორიცაა კუჭის წყლული, დიაბეტი, ასთმა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დეპრესია და სხვ. [1, 2, 3, 4]. სტრესი ასევე დაკავშირებულია სისხლის უჯრედების მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებთან. წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია ერითროციტების მემბრანის ზედაპირის თვისებები ხანგრძლივი ფსიქო–ემოციური სტრესის პირობებში. სტრესის ხანგრძლივობა მოიცავს 4 კვირიან პერიოდს ნ. კოშორიძის და სხვ. მიხედვით [5]. კვლევის ობიექტს წარმოადგენს თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვები – მამრები სხეულის მასით – 100– 150 გ. ერითროციტების მემბრანის ზედაპირის გამოკვლევის მიზნით გამოყენებულია სხვადასხვა სფეციფიკურობის მქონე სტანდარტული ლექტინები: PNA, არაქისის ლექტინი Arachis hypogaea L.–დან (β-Dგალაქტოზა და ლაქტოზა); PSA, ბარდის ლექტინი Pisum sativum L. –დან (მანოზა და გლუკოზა), WGA, ხორბლის ლექტინი Triticum aestivum L.–დან (N-აცეტილ-D-გლუკოზამინი, N-აცეტილ-D-გლუკოზამინ ოლიგომერები, სიალის მჟავა ოლიგომერები); და SNA, ანწლის ლექტინი Sambucus nigra L.–დან (სიალის მჟავა). D-გალაქტოზა–დამკავშირებელი ლექტინი PNA იწვევს სტრესირებული ვირთაგვების ერითროციტების ნაკლებად გამოხატულ აგლუტინაციას საკონტროლო მაჩვენებელთნ შედარებით; PNA–ს სპეციფიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება. Man/Glc–დამკავშირებელი ლექტინის – PSA–ს შემთხვევაში ცვლილება არ აღინიშნება, ხოლო დანარჩენი ლექტინების შემთხვევაში აქტივობა მცირდება PNA–სთან შედარებით უმნიშვნელოდ. ექსპერიმენტებმა გალაქტოზა–სპეციფიკური და NANA–სპეციფიკური ლექტინების გამოყენებით აჩვენა, რომ ხანგრძლივი ფსიქო–ემოციური სტრესი დაკავშირებულია ერითროციტების მემბრანის გარე ზედაპირის ნახშირწყლოვანი შედგენილობის ცვლილებასთან. გალაქტოზა–სპეციფიკური ლექტინის – PNA დაკავშირება ერითროციტების მემბარანასთან შემცირებულია 90%–ზე მეტად სტრესირებული ვირთაგვების შემთხვევაში. ნატრიუმის დოდეცილ სულფატის თანაობისას ლექტინდამკავშირებელი ფრაქცია ელექტრო–ფორეზულად იყოფა 3 ძირითად გლიკოპროტეინულ სუბფრაქციად მოლეკულური მასებით 25, 37, და 50 kDa.
მიმაგრებული ფაილები:
Changes on the Surface of Rat Erythrocyte Membrane during Psycho-Emotional Stress [en]ვირთაგვას ერითროციტების მემბრანის ზედაპირული ცვლილებები ფსიქო–ემოციური სტრესის პირობებში [ka]