ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს ფლორის გვარ Rosa L. (Rosaceae)-ს სახეობების მორფოლოგიურ-გეოგრაფიული ანალიზი

ავტორი: ნანა ბარნაველი
საკვანძო სიტყვები: ჰიპანთიუმი, კარიოლოგია
ანოტაცია:

საქართველოს ფლორის გვარ Rosa L. (Rosaceae)-ს სახეობების მორფოლოგიურ-გეოგრაფიული ანალიზი ნანა ბარნაველი ელ ფოსტა: nana.barnaveli@tsu.ge ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ. 13, თბილისი, საქართველო ჩვენს მიერ შესასწავლად შერჩეული გვარი Rosa სისტემატიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი რთული გვარია. სახეობების ტაქსონომიური ნიშნები გვარის ფარგლებში ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, ამასთანავე, მრავალი სახეობა პოლიმორფულია; ეს კი, თავის მხრივ, ართულებს სახეობების მოცულობის განსაზღვრას. ჩატარებული კვლევის შედეგად გაანალიზებულია გვარი Rosa-ს სახეობების გვირგვინის ფურცლების, ჰიპანთიუმისა და მცენარის ტოტების ქერქის ფერი, ცრუნაყოფის ფერი და ფორმა. მონაცემები ინტეგრირებულია მდგრად მაკრომორფოლოგიურ ნიშნებთან, როგორიცაა: (1) ეკლების ფორმა და განლაგება; (2) ჯამის ფოთლების ჰიპანთიუმზე განლაგება; (3) ფოთლისა და ყვავილის ყუნწის შებუსვის ხასიათი. კვლევითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში ბოტანიკური ექსპედიციები განხორციელდა აღმოსავლეთ (კახეთი, გარე კახეთი, ქიზიყი, ქართლი) და სამხრეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ჩვენს მიერ მოპოვებულია ასკილის შემდეგი სახეობები: Rosa rapinii Boiss., R. pimpinellifolia L., R.boissieri Crep., R. woronowii Lonacz., R.prilipkoana Sosn., r. tomentosa Smith., R. iberica Stev., R. transcaucasica Manden., R. micrantha Borrer ex Smith., R. Canina L., R corymbifera Borkh. საქართველოს ფლორის გვარ Rosa-ს დანარჩენი სახეობების კვლევისთვის გამოყენებული იქნა მდიდარი საჰერბარიუმო მასალა, რომლებიც დაცულია საქართველოს საცავებში (TB, TBI, TGM, TBPH). აღნიშნული სამუშაოები ტარდებოდა თსუ-ის ბოტანიკის კათედრისა და და ბოტანიკის ინსტიტუტის ბაზაზე, პროფ. რ. გაგნიძის ხელმძღვანელობით და მ. ჭურაძის თანამშრომლობით. აღნიშნული კვლევითი სამუშაოები ასახულია მონოგრაფიაში, რომელიც დასასტამბად მომზადდა 2010 წელს. ნაშრომში მოცემულია ასკილის სახეობათა სარკვევი ტაბულა შემდეგი მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით: (1) გვირგვინის ფურცლების ფერი, (2) ტოტების ქერქის ფერი, (3) ცრუნაყოფის ფერი; განხილულია, აგრეთვე, საქართველოს ფლორის გვარ Rosa-ს გეოგრაფიული სტრუქტურა; დადგენილია დასახელებული გვარის მცირე აზიის წარმომადგენლების ტაქსონომიური სტატუსი. სამომავლოდ დაგეგმილია შემდეგი კვლევების ჩატარება: მასალის მოპოვება სამხრეთ საქართველოს სხვადასხვა ეკოლოგიური ფორმაციიდან, აღებული მასალის კარიოლოგიური ანალიზი, ჰიბრიდების გამოვლენა, ექსტრაკლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ინდივიდების შედარება ბანალურ სახეობებთან, სახეობების დაყოფა ლანდშაფტურ-კლიმატური პირობების მიხედვით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com