ka | en
Company Slogan TODO

კრეატინის გავლენა მიტოქონდრიის გარდამავალი განვლადობის ფორის (MPTP) ფუნქციურ მდგომარეობაზე ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესის პირობებში

ავტორი: გიორგი ბურჯანაძე
თანაავტორები: ნანა კოშორიძე, ქეთევან მენაბდე, მადონა ჩაჩუა, ზურაბ ქუჩუკაშვილი, ნატალია დაჩანიძე
საკვანძო სიტყვები: სტრესი, თავის ტვინი, კრეატინი, მიტოქონდრიის გარდამავალი განვლადობის ფორა, კალციუმი
ანოტაცია:

სტრესს, ანუ გარკვეული გარემო ფაქტორების გავლენას ცოცხალ სისტემაზე, მძიმე უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც შესაძლოა ლეთალურადაც კი დამთავრდეს. ჩვენს მიერ შესწავლილი იყო 30-დღიანი იზოლაციისა და დღე-ღამური რიტმის დარღვევის პირობებში ვირთაგვას თავის ტვინში, კერძოდ კი მიტოქონდრიებში მიმდინარე მეტაბოლური და სტრუქტურული ცვლილებები. ნანახი იქნა, რომ შესწავლილ პირობებში ადგილი აქვს რიგი უარყოფითი პროცესების განვითარებას, რომელთა შორისაცაა Ca2+-სა და NO-ს რაოდენობრივი ცვლილებები, ზეჟანგური ჟანგვის გაძლიერება და ზოგიერთი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტის აქტივობის შემცირება. დადგინდა, რომ მოცემულ პირობებს უარყოფითი ეფექტი აქვს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, რისი დადასტურებაცაა მასში მონაწილე ფერმენტების აქტივობათა შემცირება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ცდების მეორე ეტაპზე შესწავლილი იყო მიტოქონდრიაში არსებული გარდამავალი განვლადობის ფორის (MPTP) ფუნქციური მდგომარეობის ცვლილება ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესის პირობებში. ნაჩვენებ იქნა, რომ აღნიშნულ პირობებში MPTP განიცდის გარკვეულ ფუნქციურ ცვლილებებს, რაც გამოიხატება მასზე ინჰიბიტორისა (CycA) და აქტივატორის (Ca2+) მოქმედების სპეციფიკით. ამასთან, ლიტერატურულ მონაცემებზე დაყრდნობით საინტერესო იყო შეგვეფასებინა მოცემულ პირობებში MPTP-ზე ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგენტის, კრეატინის (Cr), როგორც პროტექტორული ეფექტის მქონე ნაერთის მოქმედებაც, თუმცა მიღებული მონაცემებით მოსალოდნელი შედეგი არ დადასტურდა, არამედ პირიქით, Cr-მა მოახდინა ფორის ხსნადობის ხარისხის მატება (სურ.1. საკონტროლო (A) და საცდელი (B) ჯგუფის ცხოველები). ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ხანგრძივი ფსიქოემოციური სტრესი ორგანიზმში იწვევს რიგი უარყოფითი პროცესების ინიცირებას, რაც გამოიხატება როგორც სასიგნალო სისტემაში მომხდარი ცვლილებებით, ისე ზეჟანგური პროცესების განვითარებითა და სხვადასხვა მეტაბოლური გზების ინაქტივაციით. საგულისხმოა, რომ ამავდროულად ხდება უჯრედის ძალოვანი სადგურების, მიტოქონდრიების, სტრუქტურაშიც გარკვეული ცვლილებები, რისი დადასტურებაცაა MPTP-ს ფუნქციური ცვლილება. რაც შეეხება იმ ფაქტს რომ არ დადასტურდა Cr-ის პროტექტორული როლი, ამ ეტაპზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ეს შესაძლოა მრავალი ფაქტორით ყოფილიყო გამოწვეული, მათ შორის არეში Mg2+-ის იონის არარსებობით, რომელიც Cr/PCr ციკლის მაკატალიზებელი ფერმენტის კრეატინკინაზას (CK) კოფაქტორს წარმოადგენს.


მიმაგრებული ფაილები:

Influence of Creatine on the Functional State of Mitochondrial Permeability Transition Pore During the Long-Term Psycho Emotional Stress [en]
კრეატინის გავლენა მიტოქონდრიის გარდამავალი განვლადობის ფორის (MPTP) ფუნქციურ მდგომარეობაზე ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესის პირობებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com