ka | en
Company Slogan TODO

ორგანული დანამატების გავლენა გლობულური ცილების სტაბილობასა და ფუნქციურ აქტივობაზე

ავტორი: ტატიანა ტრეტიაკოვა
საკვანძო სიტყვები: გლობულური ცილები, სტაბილობის და ფუნქციის ურთიერთკავშირი, ორგანული დანამატები, მიკროკალორიმეტრია, დინამიკური პოტენციომეტრია, ციკლური ვოლტამპერომეტრია.
ანოტაცია:

ბიომოლეკულების, მათ შორის გლობულური ცილების, სტაბილობას, ფლექსიბილობას და ფუნქციურ აქტივობას შორის ურთიერთკავშირის შესწავლა მნიშვნელოვანია ფუნდამენტური მოლეკულური ბიოფიზიკის და მისი გამოყენებითი ასპექტების განვითარების თვალსაზრისით. მოცემულ ნაშრომში განხილულია ორი განსხვავებული გლობულური ცილის, ელექტრონის გადამტანი ცილის, აზურინის და ჰიდროლიზური ფერმენტის, α-ქიმოტრიპსინის, სტაბილობის და დინამიკის თავისებურებები, ფუნქციური აქტივობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება ხსნარებში სხვადასხვა კონცენტრაციის დანამატების არსებობის პირობებში. კერძოდ, ოქროს ელექტროდზე ალკანთიოლების ფირების საშუალებით დამაგრებული აზურინის მიერ (სურ. 1) ელექტრონის გადატანის პროცესის მექანიზმები, პროტონულ იონურ ლღობილთან ურთიერთქმედების შემთხვევაში. ასევე შესწავლილი იყო არასპეციფიური მცირე ორგანული ნაერთის, დიმეთილსულფოქსიდის, გავლენა α-ქიმოტრიპსინის (სურ. 2) კატალიზურ აქტივობასა, მის სტაბილობასა და ფლექსიბილობაზე. აზურინის შემთხვევაში ციკლური ვოლტამპერომეტრიის მეთოდის გამოყენებით შესწავლილი იყო ცილის გლობულის შებოჭვის (როგორც ალკანთიოლის ზედაპირის, ასევე იონური ლღობილის გარემოს საშუალებით) გავლენა ელექტრონის გადატანის სიჩქარეზე, ცილის შინაგანი დინამიკის არსებით შეზღუდვის გამო, განსაკუთრებით მაღალი წნევის ან/და დაბალი ტემპერატურის პირობებში. ეს იწვევს ელექტრონის გადატანის ადიაბატური მექანიზმის მნიშვნელოვან შეუღლებას არაერგოდულ და არაწრფივ კინეტიკურ ეფექტებთან. ხოლო მიკროკალორიმეტრული და დინამიკური პოტენციომეტრიის მეთოდების ერთობლივი გამოყენების შედეგად გამოვლინდა DMSO-ს დუალისტური გავლენა α-ქიმოტრიპსინის სტაბილობასა და ფუნქციურ აქტივობაზე. ეს მოვლენა აიხსნება ნატივური და განხვეული ცილის სოლვატაციის საპირისპირო ბუნებით წყლის და DMSO-ს მიმართ. ასევე, ცილის კომპაქტური ნაწილის და აქტიური ცენტრის განსხავებული სოლვატური თავისებურებებით. კვლევა შესრულებულია შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagen Stiftung) გრანტების ხელშეწყობით.


მიმაგრებული ფაილები:

ორგანული დანამატების გავლენა გლობულური ცილების სტაბილობასა და ფუნქციურ აქტივობაზე [ka]
მოხსენების ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com