ka | en
Company Slogan TODO

ვირთაგვის თავის ტვინის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების აქტივობის ცვლილებები და მიტოქონდრიების ფუნქციური მდგომარეობა ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში

ავტორი: ნანა კოშორიძე
თანაავტორები: ქეთევან მენაბდე, მადონა ჩაჩუა, ზურაბ ქუჩუკაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, ნატალია დაჩანიძე
საკვანძო სიტყვები: სტრესი, თავის ტვინი
ანოტაცია:

ცნობილია, რომ სტრესი ცოცხალ უჯრედებში იწვევს მეტაბოლური პროცესების რღვევას, რაც მთავრდება მთელი რიგი პათოლოგიური პროცესების ფორმირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ შესწავლილი იყო ვირთაგვის თავის ტვინის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მიმდინარეობის თავისებურებები იზოლაციითა და დღე-ღამური რიტმის ცვლილებით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში. ნანახი იქნა, რომ ხანგრძლივი სტრესის შედეგად თავის ტვინის მიტოქონდრიებში აღინიშნება კრეატინკინაზას აქტივობის დაქვეითება. ფერმენტის კინეტიკური პარამეტრების (Vmax, Km) შესწავლის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქტივობის შემცირების მიზეზს, სავარაუდოდ წარმოადგენს კრეატინკინაზას მოლეკულის როგორც სტრუქტურული ცვლილებები, ასევე მისი სუბსტრატების - ATP-ისა და კრეატინის რაოდენობრივი შემცირება. პარალელურად, შესწავლილი იქნა ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე სხვა მიტოქონდრიული ფერმენტების (სუქცინატდეჰიდროგენაზა, აკონიტაზა, ფუმარაზა, ჰექსოკინაზა) აქტივობის ცვლილებებიც ხანგრძლივი სტრესის პირობებში. დადგინდა, რომ კრეატინკინაზას ანალოგიურად, აღინიშნება მათი აქტივობის დაქვეითებაც, რაც ზოგადად თავის ტვინის ენერგეტიკული შესაძლებლობის შემცირების მანიშნებელია. აღნიშნული პროცესის სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს თავის ტვინის უჯრედებში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესის გაძლიერება, რისი მანიშნებელია ამ პროცესის პროდუქტების დაგროვება და ოქსიდაციური სტრესის განვითარება.მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, შესწავლილი იქნა თავის ტვინის მიტოქონდრიების გარდამავალი ფორის (MPTP) მდგომარეობა (სურ.1). ნაჩვენები იქნა, რომ სტრესის შედეგად აღინიშნება MPTP-ის გახსნა, რაც თავის ტვინის უჯრედებში აპოპტოზური პროცესების დაწყებისა და თავის მხრივ, სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების მიზეზი შეიძლება გახდეს.


მიმაგრებული ფაილები:

Changes in Activity of Enzymes Related to Energy Metabolism in Rat Brain and Functional State of Mitochondria under Psycho-Emotional Stress [en]
ვირთაგვის თავის ტვინის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების აქტივობის ცვლილებები და მიტოქონდრიების ფუნქციური მდგომარეობა ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com